რა 3 კომპონენტი უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი  თითქმის გაორმაგდეს

საქართველოში შესაძლოა, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის სრულყოფა მოხდეს. ამ მოთხოვნით მთავრობას პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალინსმა“ მიმართა.

საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში 182.3 ლარს შეადგენს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ამჟამინდელი ფასების საერთო დონისა და ჩვენი მოქალაქეების სამომხმარებლო კულტურისა და ქცევის გათვალისწინებით, იგი აბსოლუტურად არ შეესაბამება ადამიანთა თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების მინიმალურ სტანდარტებს და საკმაოდ დაცილებულია მათგან. მათივე შეფასებით, დღევანდელი ოფიციალური საარსებო მინიმუმი მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც სოციალური სუბიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ რესურსს.

ამასთან, პარტიამ მთავრობას შესთავაზა, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საკუთარი ხედვა და სქემა. მათი გეგმის თანახმად საარსებო მინიმუმის რეალური სიდიდის დასადგენად უნდა მოხდეს შესაბამისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფა შემდეგი 3 მდგენელის გათვალისწინებით.

1-ლი მდგენელი:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2020 წლის აგვისტოს, ოფიციალური სტატისტიკით, 182.3 ლარია. მოქმედი მეთოდოლოგიით, ამ თანხის 70% მოდის სურსათზე, ანუ საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი შეადგენს 127.61 ლარს (=182.3 * 0.7). მაგრამ 127.61 ლარი გაანგარიშებულია ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტის“ გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც გამყიდველის მიერ თავდაპირველად დასახელებულ ფასთან შედარებით რეალიზაციის ფასი 13 პროცენტით დაბალია.

აღნიშნული პროპორცია მეტ-ნაკლებად მისაღები იყო 15-20 წლის წინ. მას შემდეგ გაიზარდა სპეციალიზებული სავაჭრო ქსელების და ობიექტების რაოდენობა, სადაც საქონელი იყიდება ფიქსირებული ფასებით (იქ შევაჭრება - გამორიცხულია). თვით აგრარულ ბაზრობებზეც კი იშვიათად წააწყდებით ფასების ამ მასშტაბით დაკლების შემთხვევებს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ხსენებული „შევაჭრების კოეფიციენტი“ 5 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს (რეალურად კი, 2-3%-მდეა). ამ გარემოების გათვალისწინებით, შევაჭრების კოეფიციენტის 5%-მდე შემცირების შემთხვევაში, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი უნდა გაიზარდოს 9.2 პროცენტით (= 0.95 : 0.87). შესაბამისად, სასურსათო კომპონენტის ღირებულება იქნება არა 127.61 ლარი, არამედ 127,61 * 1.092 = 139.35 (ლარი).

მე-2 მდგენელი:

პროპორცია კალორიების წარმომავლობის მიხედვით არის დაახლოებით შემდეგნაირი: მცენარეული წარმომავლობისაა - 60%, ცხოველური წარმომავლობის - 40%. დიეტოლოგების რეკომენდაციებით, პროპორცია შებრუნებული უნდა იყოს: მცენარეული კალორიების წილი უნდა იყოს 40%, ცხოველურისა კი - 60%. პროპორციების ასეთი შეცვლის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი კიდევ უფრო გაიზრდება - არანაკლებ 30.8%-ით. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი იქნება 182.27ლარი (= 139.35 * 1.308).

მე-3 მდგენელი:

საარსებო მინიმუმში სასურსათო კომპონენტის წილი უნდა შემცირდეს 70%-დან 50%-მდე. ამჟამად დაბალშემოსავლიან, პირველ დეცილურ ჯგუფშიც კი სურსათზე ხარჯების წილი ასეთი შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში ჩამოსცდა 50%-იან ზღვარს, მაღალშემოსავლიანებში კი იგი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შევძლებდით გვეღიარებინა, რომ საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით შეადგენს 364.54 ლარს - ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ (99.9%-ით) მეტს.

თაია არდოტელი