„ჩვენი მიზანია, მთელი თბილისის მასშტაბით დაინერგოს ზონალურ-საათობრივი პარკირება, განსხვავებული ტარიფები იქნება ქუჩებიდან და რაიონებიდან გამომდინარე"

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფი ქუჩებიდან და რაიონებიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება.

როგორც კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, დედაქალაქის მერიის მიზანია მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგოს ზონალურ-საათობრივი პარკირება.

„კონკრეტულად თუ როდის დაიწყება ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, მომავალ მთავრობის სხდომაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი.

საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით, როგორც ეს პეკინის, კოტე აფხაზის და ორბელიანის შემთხვევაში იყო. იცით, რომ აქ პროექტი განხორციელდა და წარმატებით მიმდინარეობს.

ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგოს ზონალურ-საათობრივი პარკირება, განსხვავებული ტარიფები იქნება ქუჩებიდან და რაიონებიდან გამომდინარე“,-განაცხადა კახა კალაძემ.