გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის, რადგან უსაფრთხოდ ასეთი მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლობა შეძლო.
სოციალურ ქსელში მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აღმასრულებელი საბჭოს საორგანიზაციო ჯგუფის კარგ მუშაობას, რომელმაც შესაძლებელი გახადა მაღალი დონის პირველი პირისპირ შეხვედრის ორგანიზება.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ყველას, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა აღმასრულებელი საბჭოს 112-ე შეხვედრა ძალიან წარმატებულად გამართულიყო,“ - აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
15 -17 სექტემბერს საქართველომ კოვიდ-19 - ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველ და უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლა. მას ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდა.