კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ხუთშაბათიდან ინგლისში პაბები, ბარები და რესტორნები საღამოს 22:00 საათზე დაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ ზომებს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარლამენტს დღეს წარუდგენს, მოგვიანებით კი ის ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების გამოყენებისა და ხელების ხშირად დაბანვის აუცილებლობაზე ესაუბრება. გარდა ამისა, ადამიანებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუკი ეს ბიზნესის დაზარალებას არ გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-თან დაკავშირებული განგაშის დონე 3-დან 4-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.
დიდ ბრიტანეთში ორშაბათს კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა.