1-წლიანი მორატორიმის მიუხედავად საქართველომ აზერბაიჯანული ევრო 5-ის დიზელი შესაძლოა, ვერც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მიიღოს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სოკარში“ განუცხადეს, ქარხნის გადაიარაღება კორონავირუსის პანდემიის გამო „მცირედით შეყოვნდა“.
საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო. თუმცა ბიზნესი და იმპორტიორები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ თარიღი გადაწეულიყო. ძირითად არგუმენტად კი რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ზრდას და ამასთანავე, საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ. ბიზნესი ამბობდა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა დიზელის საწვავს 20-25 თეთრით გააძვირებდა. მათივე პოზიცია იყო, რომ ეკოლოგიური ეფექტი, რომელზეც მთავრობა საუბრობდა, ბუნდოვანია, რადგან მოძველებული ავტოპარკის პირობებში უკეთესი ხარისხის საწვავი გოგირდის შემცირებას ნაკლებად გამოიწვევს. იმპორტიორთა მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლიდან აზერბაიჯანში ევრო-5-ის ტიპის დიზელის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდებოდა.
მაშინ, ხელისუფლებამ არგუმენტები, იმპორტიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობრივი მოთხოვნა გაითვალისიწინა და მთავრობის დადგენილებით ცვლილებას 1-წლიანი მორატორიუმი დაედო, რომლის ვადა 2021 წლის 1-ელ იანვარს იწურება.
,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მოხერხდა თუ არა აზერბაიჯანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადაიარაღება და ხომ არ ემუქრება საქართველოს, რუსულ, გაცილებით ძვირ დიზელზე „ჩამოკიდება“.
,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი, ლევან გიორგაძე ამბობს, რომ კორონავიირუსის პანდემიის გამო მოსალოდნელია, ქარხნის გადაიარაღებასთან დაკავშირებით მცირე შეყოვნება.
,,მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია გეგმების ცვლილება. ბევრ კომპანიას შეჩერებული ჰქონდა მუშაობა, რის გამოც დათქმულ ვადებში ვერ მოხდა შესაბამისი სამუშაოების შესრულება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ქარხნის გადაიარაღებასთან დაკავშირებით იქნება მცირედი შეყოვნება”, -განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ლევან გიორგაძემ.
გადაიდება თუ არა კიდევ ერთხელ ევრო-5-ის სტანდარტის დიზელზე რეგულაციის ამოქმედება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს და ინფორმაციას დაზუსტებისთანავე მოგაწვდით.