საბანკო ასოციაცია FinCEN-ში ქართული ბანკების საეჭვო ტრანზაქციებზე განცხადებას აქვეყნებს

საბანკო ასოციაცია FinCEN-ში ქართული ბანკების საეჭვო ტრანზაქციებზე განცხადებას აქვეყნებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც. საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ყველა ბანკი აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის. მონიტორიგი და ანგარიშგება ხორციელდება ხსენებული კანონმდებლობისა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით.

ICIJ-ის ანგარიშში, რომელშიც გამოყენებულია ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საუბარია 2007 - 2016 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08 პროცენტი მოდის.

საყურადღებოა, რომ ICIJ-ის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ეს გადარიცხვები შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევის გარეშე ვერ ჩაითვლება დარღვევად. კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასოციაციის წევრი ბანკები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად და მზად არიან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.