ჩინეთის ხელისუფლება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების „შავ სიას“ ადგენს, თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტია, როდის გამოაქვეყნოს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებას სურდა სათანადო პასუხი გაეცა ამერიკის ხელისუფლების ქმედებებისთვის ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში, თუმცა ამავდროულად ისეთი ზომები არ მიეღო, რომლებიც უფრო მკაცრი იქნებოდა, ვიდრე აშშ-ის მიერ მიღებული ხისტი მიდგომები.
პირველად ამერიკული კომპანიების „შავი სიის“ შედგენაზე პეკინმა 2019 წელს განაცხადა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა Huawei Technologies-ის წინააღმდეგ შემოიღო შემზღუდავი ზომები.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის უწყებათშორისმა კომისიამ დააჩქარა მუშაობა სიის შედგენის მიზნით, რაც უნდა გახდეს პეკინის პასუხი ვაშინგტონის მხრიდან უკვე მიღებულ ზომებზე. ჩინეთი ამ ამერიკული კომპანიების მიმართ განიხილავს სანქციების დაწესებას.
„წყაროს ცნობით ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როდის მოხდება სიის გამოქვეყნება, პრეზიდენტის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ“, - წერს გამოცემა
როგორც The Wall Street Journal წერს, ჩინეთში ბევრს იმედი აქვს, რომ ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები დალაგდება. მათი აზრით, ორ სუპერსახელმწიფოს შორის სტრატეგიული კონკურენცია შენარჩუნდება, თუმცა არის სფეროები, სადაც პეკინს შეუძლია ვაშინგტონთან თანამშრომლობა.
ამასთან, გაზეთს მოჰყავს ბაიდენის სიტყვები, სადაც ის აცხადებს, რომ აშშ-ს ჩინეთთან თანამშრომლობა შეუძლია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ასევე გლობალური კლიმატური საკითხები.