კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.

ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,843 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -71,858 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის აგვისტოში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 399,955 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 მლნ ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 293,344 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

თაია არდოტელი