მთავრობის ვალის წილი მშპ-სთან 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს. ამის შესახებ, „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო ვალის დინამიკის მიმოხილვაშია აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებთან დამოკიდებულებაც შეაფასა.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალი დაახლოებით 22 მილიარდი, ხოლო საშინაო 6 მილიარდამდეა. საქართველოს მთავრობის ვალის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს (რომელსაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი აწესებს).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამით ქვეყანა მომავალში გადახდისუნარიანობის პრობლემებს აირიდებს. ამავე დროს ლარის გაუფასურება ზრდის ვალის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, ზრდის ვალის მოცულობას ლარში. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება გამოიწვევს 60%-იანი ზღვრის გადალახვას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე. ასევე შეზღუდავს მთავრობას მომავალში ახალი ვალის აღებისგან.
„ზოგადად მნიშვნელოვანია, რაში ხარჯავს მთავრობა აღებულ საგარეო თუ საშინაო ვალს. გამართლებულია, თუ ის იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ან გრძელვადიანი ეფექტის მომცემ რეფორმებში. ვალით სოციალური ხარჯების ზრდა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა მთავრობები ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ეკონომიკური ციკლის ნაცვლად პოლიტიკური და საარჩევნო ციკლის მიხედვით იღებენ.
2020 წელს, ბიუჯეტის დეფიციტის წილი, რეკორდულად დიდი - 8.6%-ია. მაშინ როდესაც კანონმდებლობა (გარკვეული გამონაკლისების გარდა) 3%-იან ლიმიტს აწესებს. ამიტომაც, საშინაო ვალის მოცულობის მკვეთრად ზრდის შემთხვევაშიც ჩნდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის რისკი. რადგან მძიმე სავალო ტვირთის მქონე ქვეყნები რომლებსაც პერმანენტულად ზრდადი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ ნაკლებ სანდოდ აღიქმებიან ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. ბიუჯეტის მზარდმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალის მზარდმა წილმა მშპ-სთან მიმართებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს. ასევე დიდი და ზრდადი სახელმწიფო ვალი ართულებს პოლიტიკოსებისთვის ფისკალური გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკურად რთულ პერიოდში.
არსებობს მიზეზები, სკეპტიკურად შევხედოთ აზრს, რომ სახელმწიფო ვალს იღებს სწორად გათვლილი ინვესტირებისთვის ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში. პირველი, სახელმწიფო ხარჯების ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო მოხმარებისთვის (შრომის ანაზღაურება და საქონლისა და მომსახურების შეძენა), რომელიც არ მიემართება საინვესტიციო ნაკადებში და შესაბამისად არ ზრდის კაპიტალურ ნაკადებს. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ცნობილია როგორც ცუდი ინვესტორი. 2007-2017 წლებში საინვესტიციო ხარჯების საშუალო წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში განუხრელად მცირდებოდა და საშუალოდ 5.7% იყო. თუმცა, 2017 წლიდან კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
2007 წლიდან მთავრობის ხარჯის სახელმწიფო ვალთან შეფარდება განუხრელად მცირდება. ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნა განაპირობებს. სასურველია ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს,“-აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია: