ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა წასვლა მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს.