მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან.
„ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც პანდემიასთან ვიბრძვით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ.
რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ისე, არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წინდაუხედავობა კავშირშია ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან, ამიტომ ყველაფერი ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად დავიცვათ წესები",-განაცხადა მეზვრიშვილმა.