გაერთიანებულ სამეფოში ქორწილებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა 30-დან 15-მდე მცირდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხუთშაბათიდან პაბები და რესტორნები ქვეყანაში 22:00 საათზე უნდა დაიხუროს.
ბორის ჯონსონმა მოქალაქეებს მოუწოდა, სახლიდან იმუშაონ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შესაძლებელია.
ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც 6 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მკაცრდება პირბადის ტარების წესი, მათი გამოყენება მასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულებისთვის, ასევე ტაქსების მგზავრებისთვის სავალდებულო ხდება.
იზრდება ჯარიმის ოდენობა წესების დამრღვევი მოქალაქეებისთვის. კერძოდ, კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეები 10 000 გირვანქა სტერლინგით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი - 200 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში იქნება.