ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეისყიდა სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა და მის მიღებას ელოდებიან. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინის ეს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შარშან ჰქონდათ შესყიდული.
„როგორც წესი, კომერციული ვაქცინა, დაახლოებით, 50-60 ათასის ფარგლებში ყოველ წელს შემოდის ქვეყანაში და წელსაც იქნება. რამდენად არის საკმარისი?! სასურველი იქნებოდა, რომ ზოგადად, ქვეყანას, არამარტო წელს, არამედ საერთოდ, უფრო ფართო მოცვა ჰქონდეს. თუმცა იმის გამო, რომ ამ ვაქცინების ათვისება და მიმღებლობა ხშირ შემთხვევაში მაღალი არ არის, ასეთ მზარდ რეჟიმში ვართ იმ რეალისტური შეფასების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია ეპიდემიური თვალსაზრით და ვაქცინის ათვისების კუთხით.
წელს, დაახლოებით 200 000-მდე გვექნება და კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ და შევისყიდოთ დამატებითი ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.