„კავკასუს ონლაინი“ კომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აგრძელებს და საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კომპანიის საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორები შეაშინა.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე კომპანიას 270 000 ლარის გადახდა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის მფლობელი „ნექსოლ ჰოლდინგი“ გახდა. კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად უკვე სხვა სახის სანქციას განიხილავენ. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ახალი სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.
ამ თემებზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს ფორმულა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა.
„კავკასუს ონლაინი“ არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის კომპანია, საერთაშორისო კომპანიაა იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც აწვდის ინტერნეტს იმ კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ ათეულობით მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფენ ინტერნეტით საცალო ბაზარზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან ძალიან შეშინებულები ამ ვითარებით, რაც დღეს „კავკასუს ონლაინის“ გარშემოა შექმნილი და ეძებენ ინტერნეტის ყიდვის ალტერნატივებს. ეს ყველაფერი კომპანიის საქმიანობაზე და ქართულ ინტერნეტბაზარზე უარყოფითად აისახება.
მთლიანობაში რომ ავიღოთ ამ პროექტის, როგორც ციფრული ჰაბის შექმნის, ასევე „ნექსოლ ჰოლდინგის“ გეოგრაფიული არეალის გაფართოების კონკურენტი არის სახელმწიფო. ზოგადად, კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდა სახელმწიფო. სხვა კონკურენტი ამ პროექტს არ ჰყავს.
ახლა თქვენთვის მომინდვია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კარგი ბიზნესმენია სახელმწიფო… ან რა ფინანსური რესურსები აქვს დღეს ჩვენს სახელმწიფოს ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისთვის? ჩვენ ვფიქრობთ, სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს იმისკენ, რომ ასეთი პროექტები კერძო ინვესტიციებით განახორციელოს. მინდა გითხრათ, რომ „კავკასუს ონლაინის“ აქციების გაყიდვა არ ცვლის არც ამ კომპანიის იურისდიქციას და არც შავი ზღვის კაბელის სტატუსს. ეს კომპანია ყოველთვის დარჩება საქართველოს კანონმდებლობის იურისდიქციის ქვეშ“.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუსისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა. კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, მათ შორის უმაღლესი სანქციით 270 000 ლარით. კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.