"თუ ინფიცირება ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სკოლებში სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა მგონია, რომ ეს საჭირო არ გახდება"

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა ამჟამად, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.