"მსოფლიოში დაწინაურდა 3-4 ვაქცინა, იმედი მაქვს, ამ ვაქცინებზე გააკეთებს აქცენტს საქართველო და ისე არ გაუჭირდება, რომ რუსეთში წარმოებული ვაქცინა შემოიტანოს"

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეალური მოლოდინი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

ამასთან, მან რუსეთში შექმნილ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიმართ ნდობა დაბალია, რადგან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი სავალდებულო კვლევები არ გაუვლია.

თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, საქართველოს ისე არ გაუჭირდება, რომ რუსეთში წარმოებული ვაქცინა შემოიტანოს.

„რუსეთში შექმნილ ვაქცინაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ამ ვაქცინას არ გაუვლია იმ წესებით დადგენილი სავალდებულო კვლევები, რაც მთელ მსოფლიოში საერთაშორისო სტანდარტად არის დადგენილი. კერძოდ, ჯერ არ ჩატარებულა კლინიკური კვლევების ე.წ. მესამე ფაზა. პირველი ორი ფაზის შედეგებიც გამოქვეყნებული არ არის. ამიტომ, მსოფლიოში რუსეთში წარმოებული ვაქცინის მიმართ ნდობა დაბალია და მიაჩნიათ, რომ ეს ვაქცინა ვერ დაიკავებს ადგილს.

რუსეთს ვაქცინის გაკეთება შეეძლო, ამისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს, სხვა თუ არაფერი, მისი სამხედრო მრეწველობა და ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის გამოცდილება იძლევა გარკვეულ შანსებს, რომ მათ ვაქცინა აწარმოონ, მაგრამ ჯერ ვაქცინა საკმარისად გამოცდილი არ არის. მსოფლიოში დაწინაურდა უკვე 3-4 ვაქცინა, რომლებიც სრულყოფილად გადიან შემოწმების ეტაპებს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნების ვაქცინებზე გააკეთებს აქცენტს საქართველო და ისე არ გაუჭირდება, რომ რუსეთში წარმოებული ვაქცინა შემოიტანოს“,-განაცხადა ცერცვაძემ.