იაპონია სტუდენტებისა და მედიკოსებისთვის საზღვრებს ხსნის, ტურისტებისთვის კი შეზღუდვებს ძალაში ტოვებს

იაპონია კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ამის შესახებ Asahi წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქება ოქტომბრიდან დაიწყება და იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვინც იაპონიაში 3 თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებენ, მათ შორის სტუდენტებსა და მედიკოსებს. აღსანიშნავია, რომ სიახლე არ ეხებათ ტურისტებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანის შესვლა ნებადართული არ იქნება.

შეგახსენებთ, იაპონიამ სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები ივლისის ბოლოდან 7 ქვეყანასთან გააუქმა.

ცნობისათვის, იაპონიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 80 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 519 ადამიანი.