საქართველო შესაძლოა, ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მოხვდეს - Top-10 მწარმოებელი ქვეყანა

ანალიტიკოსების წინასწარი შეფასებით, საქართველოს შეუძლია, წლის ბოლომდე დაახლოებით, 630 ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელოს, რაც აღნიშნულ ინდუსტრიაში ახალი რეკორდი იქნება.

როგორც East fruit წერს, წინა რეკორდი, 2019 წელს, 185 ტონა იყო, რაც წელს 3-ჯერ გაიზრდება.

„საქართველოდან მოცვის ექსპორტის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია რუსეთში აღნიშნული კენკრის მოხმარების ზრდით. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და მოსახლეობის დაბალი შემოსავლებისა. თუმცა ბუნებრივია, ექსპორტი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა წარმოების ზრდა საქართველოში, სადაც მოცვის ბაღები სულ უფრო ფართოვდება“,-განაცხადა Fao-ს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იარმაკმა.

მისივე განმარტებით, გაყიდვების თითქმის 99% რუსეთზე მოდის. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ყოველთვის მაღალი რისკის შემცველია, საქართველო უნდა შეეცადოს ახალი პარტნიორების მოძიებას, „მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა“.

ანდრეი იამაკის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცვი ტრანსპორტირებადი პროდუქტია, საქართველოს შეუძლია კენკრა ევროკავშირის ბაზრებსაც მიაწოდოს. თუმცა მოცვის ფასი, მომდევნო წლებში რუსეთში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

East fruit-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ წარმოება აღებული სტარტით გაგრძელდება, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს 25 უმსხვილეს მოცვის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მოხვდეს.

ცნობისთვის, გასულ წელს მსოფლიოში 552,505 ტონა მოცვი აწარმოეს, საიდანაც 269,257 ტონა აშშ-ზე მოდის.

რაც შეეხება Top-10 ქვეყანას, სადაც ლურჯი მოცვი ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება, ასე გამოიყურება:

  • აშშ - 269,257 ტონა
  • კანადა - 178,745 ტონა
  • მექსიკა - 29,067 ტონა
  • პოლონეთი - 14,721 ტონა
  • გერმანია - 10,710 ტონა
  • საფრანგეთი - 9,352 ტონა
  • ნიდერლანდები - 7,919 ტონა
  • პორტუგალია - 6,572 ტონა
  • ესპანეთი - 6,412 ტონა
  • ავსტრალია - 3,470 ტონა
ნინი ქეთელაური