დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 180 დღის განმავლობაში თბილისში 300 ერთეული მიკროავტობუსი "ფორდის" მარკის ახალი მიკროავტობუსით ჩანაცვლდება.
როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიკროავტობუსების პირველი ნაკადი ოქტომბერში შემოვა.
"დავიწყეთ მუშაობა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი 300 ერთეულის შესყიდვასთან დაკავშირებით, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ავტობუსების ნაწილი. ტენდერი დასრულებულია, 18 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა. გვყავს გამარჯვებული კომპანია და ფორდის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენი ეტაპობრივად იქნება 180 კალენდარული დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს 300 ერთეული მთლიანად არ ეყოფა, საჭირო იქნება დამატებითი შესყიდვების განხორციელება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თბილისში დაახლოებით 3 ათასამდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში. რეფორმით, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მიკროავტობუსების ოდენობა 1200- მდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსე ქსელის, მარშრუტების, იმისთვის, რომ ძირითადად რაიონებსა და უბნებში იაროს ჩვენმა 12, 10, 8 მეტრიანმა ავტობუსებმა, ხოლო თბილისის რელიეფიდან და არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროებას წარმოადგენს მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ინტერგრირებული იქნება და ისე იქნება დალაგებული, რომ კომფორტული იყოს ადამიანისთვის მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა", - განაცხადა კალაძემ.