„ოქტომბრის დასაწყისში „ოლიმპიური ვარსკლავის“ სამუშაოები დაიწყება, დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაახლოებით 180-მდე ობიექტია, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო კომპანია M2-თან და „სვეტთან“ დაკავშირებული ობიექტების მშენებლობები დაწყებულია და ეს პრობლემები მალე მოგვარდება.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები ძალიან ბევრია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხები გადაიხადა, ელოდებოდა საცხოვრებელ ბინებს, საცხოვრებელ ფართებს და იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, მშენებლობების დასრულება ვერ მოხერხდა. დაახლოებით 180-მდე ობიექტია თბილისში, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. ჩვენ 2014 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია შევქმენით, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და განიხილავს ყველა პრობლემურ მშენებლობას, რომელიც დედაქალაქშია და წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი დასრულება. გვაქვს წარმატებული „ქეისებიც“. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამშენებლო კომპანია M2-ს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ კონკრეტულ ობიექტებზე მშენებლობები უკვე დაწყებულია და 3 წლის განმავლობაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის ემიგრანტი, ვინც საცხოვრებელ ფართებს ელოდებოდა, უკლებლივ ყველა მიიღებს და ეს პრობლემა მოგვარდება“,-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მათ ასევე მუშაობა დაიწყეს „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს.

„უკვე მშენებლობების ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება კონკრეტულად „ოლიმპიური ვარსკლავის“ სამუშაოები დაიწყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 400 ოჯახი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას. 3 წლის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული იქნება. მშენებლობების მოცულობისა და დაზარალებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, კომისია ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას და უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. საკმაოდ დიდი „ქეისია“, დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. ერთი დღით არ შეგვიჩერებია მუშაობა, ჩემი მოადგილე ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ წერტილი დავუსვათ ამ მრავალწლიან პრობლემას“,-განაცხადა კალაძემ.