2020 წლის პირველ ნახევარში საშუალო შეწონილი იჯარა შემცირდა სამ ძირითად სავაჭრო ქუჩაზე - ამის შესახებ საუბარია Colliers-ის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, პეკინზე საშუალო შეწონილი იჯარა 2%-ით შემცირდა და 34.6 აშშ დოლარი შეადგინა კვადრატულ მეტრზე, ხოლო ჭავჭავაძესა და აღმაშენებელზე 1%-იანი კლება შეინიშნა და აღნიშნული მაჩვენებელი 29.5 და 25.5 აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად.
რუსთაველზე საშუალო შეწონილი იჯარა 4%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია დაბალ გადამხდელი კატეგორიის მოიჯარეების გასვლით აღნიშნული გამზირიდან.
2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით მნიშვნელოვნად გაზრდილია ვაკანტურობის კოეფიციენტი ძირითად ქუჩებზე.
კვლევის ავტორების აზრით, თუ იზოლაციის პერიოდი გაგრძელდა, მოსალოდნელია რომ გაიზრდება ქუჩის რითეილის ვაკანტურობა. განთავისუფლებული ფართები შესაძლოა განვიხილოთ სამუშაო სივრცეებად. „იქიდან გამომდინარე, რომ კვლავ შეიძლება შენარჩუნდეს დისტანცირების კულტურა, სავარაუდოდ გაჩნდება სახლის სიახლოვეს და იზოლირებულ სივრცეებში მუშაობის მოთხოვნა, რისთვისაც ქუჩის რითეილ ფართები კარგი გამოსავალია.
სავარაუდოა, რომ შეიცვლება გაქირავების არსებული ბიზნეს მოდელი და ფიქსირებული გადახდების ცნება მინიმუმ დროებით გაქრება. მოიჯარეების შენარჩუნებისთვის მეიჯარეებმა სასურველია იზრუნონ მეტად მოქნილ საიჯარო ხელშეკრულებების ქონაზე და განაკვეთების ბრუნვის მაჩვენებელზე მიბმაზე“, - თვლიან კვლევის ავტორები.