ისრაელი 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში პარასკევიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება.

„ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.

გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ კარანტინი დააწესა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. შეზღუდვები მოიცავს უამრავ გამონაკლისს, მათ შორის ადამიანებს საშუალება ეძლევათ დატოვონ თავიანთი სახლები, თუკი სამუშაოდ, სავარჯიშოდ, სალოცავად და საზოგადოებრივ დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად მიდიან.

ახალი შეზღუდვებით კი, სავარაუდოდ, ამ გამონაკლისების უმეტესობა გაუქმდება.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების დასაწესებლად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის თანხმობაა საჭირო.

ისრაელში, ოთხშაბათს, კოვიდ-19-ის 6 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.