დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობენ ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ამ ეტაპების შემდგომ ეფექტურად მუშაობს ტესტირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი ოდენობის სამართავად დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად.
„დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენისა და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე - ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები. ამით უნდა შეანელოს ვირუსის გავრცელება და შემდგომ კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს ჩვენს მოქალაქეებს, ისინი სწრაფად უნდა დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას.
მარტის თვეში ტესტს აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს არის 22 ასეთი ლაბორატორია. ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას. სწორედ აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ვირუსი არსად არ წასულა და მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება.
„ვირუსი არის ჩვენთან და როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო ნაკლები გვექნება გავრცელება და დაწოლა ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ აქაც მართვისა და ადაპტაციის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში შეიქმნება ვაქცინა", - განაცხადა გახარიამ.