სესხის გამცემი რამდენი სუბიექტი დაჯარიმდა და დაიხურა რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გამოვლენილი დარღვევეის გამო ერთ სუბიექტს მუშაობის უფლება შეუჩერა, 3 სუბიექტი დააჯარიმა, 28-ს კი გაფრთხილება მისცა.

სებ-ში ამბობენ, რომ სანქციები გატარდა მათ შორის, მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო.

შეგახსენებთ, რომ სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას ექვემდებარება. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სგს-ს მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და შეზღუდვები სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი კანონდამრღვევი გამსესხებელი გამოავლინა და რა სანქციები გამოიყენა ცენტრალურმა ბანკმა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე?

მონაცემები ასეთია:

-სესხის გამცემი სუბიექტებიდან - სარეგისტრაციო პირობების, დაკრედიტების კუთხით დადგენილი მოთხოვნების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო:

  • ფულადი ჯარიმა დაეკისრა - 3 სგს-ს;
  • ფილიალის საქმიანობის უფლება გაუუქმდა - 1 სგს-ს;
  • დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით წერილობითი მითითება გაეგზავნა - 28 სგს-ს.

,,ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, რა ძირითადი დარღვევებისათვის დაჯარიმდნენ გამსესხებლები, სებ-ში პასუხობენ, რომ დარღვევები ძირითადად შეეხებოდა:

  • მომხმარებელთათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება; სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ეთიკის ნორმების დარღვევა;
  • საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროში დარეგისტრირების ვალდებულების შეუსრულებლობა
  • საოპერაციო ფართის მოწყობასთან და აღრიცხვა/ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა.

ცნობისთვის, 23 სექტემბრის მდგომაროებით, რეგისტრირებულია სესხის გამცემი 199 სუბიექტი.

თამარ მუკბანიანი