შემოსავლების სამსახური - აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით, 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

„აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.