კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განახორციელა და ივლისში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაასრულა. 15 ივლისიდან აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ორივე მიმართულებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფაუერჩაინა/სინოჰიდროდან აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთის გახსნის შედეგად, 20-30%-ით შემცირდა გადაადგილების დრო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს და გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხ სოფელზე: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთი.
„კომპანიაში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აცხადებენ, რომ ჯაპანა-ლანჩხუთის გზა მაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მათივე თქმით, ძველი გზა საფრთხეს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ისე - ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაბამისად, ახალი პროექტის დროულად ჩაბარება კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო), მსოფლიოში არსებული ეპიდ ვითარების მიუხედავად, სამუშაოები არ შეუჩერებია და პროექტის დროულად ჩაბარება შეძლო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.