ავსტრიას კორონავირუსის გამო ტურისტები უჩივიან

ავსტრიის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ასოციაცია VSV აცხადებს, რომ სასამართლოში, მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა ოთხი სამოქალაქო სარჩელი, რაც ტიროლის მხარის სამთო კურორტ იშგლში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას უკავშირდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, იშგლიდან ტურისტებმა ინფექცია 45 ქვეყანაში გაიტანეს.

VSV-ს ინფორმაციით, ოთხივე სარჩელი ჯამში 100 ათასი ევროს ანაზღაურებას მოითხოვს. ამასთან, VSV აღნიშნულ სარჩელებს განიხილავს, როგორც საცდელს. ჯგუფს საერთო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 6 000-ზე მეტი ადამიანისგან აქვს მიღებული თანხმობა იმაზე, რომ 2021 წელს კოლექტიური სარჩელი აღიძრას. მათ შორის არიან ავსტრიელები, გერმანელები, ბრიტანელები, ამერიკელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ასეთი მასშტაბური სარჩელის მოლოდინში, VSV-მ წერილობით მიმართა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს და მას საქმის სასამართლომდე მოგვარება შესთავაზა.

იშგლში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 7 მარტს დაფიქსირდა. მაგრამ ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არსებული ვარაუდის შესაბამისად, კურორტზე ინფექცია პირველად თებერვლის დასაწყისში შევიდა.

VSV თვლის, რომ ადგილობრივმა და ფედერალურმა ხელისუფლებამ იშგლში ინფექციის შეტანის შესახებ, უფრო ადრე იცოდა, ვიდრე ეს ოფიციალურად აღიარა. და სახელმწიფო მოხელეები მეტისმეტად ნელა მოქმედებდნენ, რამაც ინფექციის გავრცელება გამოიწვია.

VSV-ს ერთ-ერთი იურისტი ალეკსანდერ კლაუზერი ამბობს, რომ ინსბრუკის (ტიროლის მხარის დედაქალაქი) ერთ-ერთი სასტუმრო 25 თებერვალს მას შემდეგ დაიხურა, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. და ის თვლის, რომ იშგლის ხელისუფლებას ანალოგიური ზომები უნდა მიეღო.

კლაუზერს აქვს ინფორმაცია, რომ ფედერალური მოხელეები, იშგლში ინფექციის გავრცელების შესახებ, ინფორმაციებს ჯერ კიდევ 3, 4 და 5 მარტს ღებულობდნენ. უფრო მეტიც, იშგლში ისლანდიელ ტურისტთა ჯგუფი დაავადდა, რის შესახებაც, ისლანდიის ხელისუფლებამ, ავსტრიელ კოლეგებს აცნობა.

მაგრამ ამის მიუხედავად, დაავადების პირველი შემთხვევის აღიარება მხოლოდ 7 მარტს მოხდა. იშგლსა და მეზობელ კურორტებზე კი კარანტინი მხოლოდ 13 მარტს შემოიღეს. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ტურისტები შეუფერხებლად შედიოდნენ კურორტზე და მას ასევე შეუფერხებლად ტოვებდნენ.