ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.
„ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ჯგუფია ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები. ჩვენ მათთან გასულ კვირას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შედეგად, აეწყო ინფორმაციის გაცვლის პროცესი. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა უკვე კონკრეტული საკითხების განსახილველად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციის დახმარებით, რადგან ბიზნესის პრობლემების ძირითადი ნაწილი აქაც საბანკო ვალდებულებებთანაა დაკავშირებული,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.