მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის, საქორწინო და სარიტუალო ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდნენ.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მთავრობა ცდილობს დაიცვას ბალანსი დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასა და წინასაარჩევნო პერიოდში კანონის დაცვას შორის.
„ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, ზიანი აუნაზღაურდეთ და მეორე მხრივ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ 31 ოქტომბრამდე, იურიდიულად წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, რომ ეს აღქმული იქნას კანონის დარღვევად. ამ ბალანსის დაცვას ვცდილობთ. თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ამ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.