ქართული პროდუქტების პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია The USAID Agriculture Program-თან ერთად ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს.
18 მეწარმის პროდუქცია, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში 25 არაქსელური მაღაზიაში გამოჩნდება.
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე, ლუკა ჭელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დახლებზე ქართული არამალფუჭებადი პროდუქცია გაიყიდება.
,,თბილისის მასშტაბით იქნება 25 მაღაზია ყველა უბანში, სადაც პირველი ეტაპისთვის განთავსდება 18 ბენეფიციარის პროდუქცია. გადანაცვლება მოხდება იმის მიხედვით, სად და რა იქნება მოთხოვნადი. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ასოციაციის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესის დახმარება და მეწარმეებსა და მაღაზიებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებაა, დახლების განთავსება არ მოხდება ქსელურ სუპერმარკეტებში. საბოლოო შედეგი უნდა იყოს, რომ დამყარდეს მეწარმეებსა და მაღაზიებს შორის ის ურთიერთობა, რომ მათ შეეძლოთ იმ დიდი ჯაჭვის გამოტოვება, რაც დღეს არის და რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ ხვდება დიდ სუპერმარკეტებში.
მეწარმეებისათვის, მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ გვექნება 21-დღიანი განაღდების სისტემა, ანუ სამ კვირაში მიიღებენ კუთვნილ თანხას, რითიც შეძლებენ შედეგი წარმოების პროცესის განხორცილებას. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, არსებულ 90-დღიან ვადასთან შედარებით.
პირველ რიგში, პროდუქცია უნდა იყოს არამალფუჭებადი და შენახვის პირობები უნდა ჰქონდეს მარტივი. ეს იქნება: თაფლი, ჩაი, სუნელები, კონსერვირებული ბოსტნეული, ხილი და ა.შ. ასევე ამას შეიძლება დაემატოს ჩირები, თხილი და სხვა ბევრი პროდუქცია, რომელსაც არ სჭრიდება მაღაზიის პირობებში განსაკუთრებული შენახვის პირობები.
სტენდების ნახევარი უკვე მზად არის და ტექნიკური დეტალების მოგვარების ეტაპზე ვართ. დახლები დედაქალაქში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება“- უთხრა ლუკა ჭელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ მიზნით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მოლი - Extra.ge, რომელიც სასურველი მომსახურებისა და პროდუქტების შეძენისა და სახლიდან გაუსვლელად მიღების შესაძლებლობას იძლევა, პროექტის გაყიდვებისა და ლოჯისტიკის ნაწილს უზრუნველყოფს.