„ლარის გაუფასურების გამო ოქტომბერში პროდუქტებზე გაძვირებული ფასები დაგვხვდება და თუ არ დაგვხვდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრენდები ბაზარს ტოვებენ"

ჩვეულებრივი თემაა, რომ გაუფასურდება ლარი, ყველაფერი გაძვირდება. პროდუქტის გაძვირებას უბრალოდ ყველაზე სენსიტიურად ვეკიდებით,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, ეს სიახლე არაა და ყოველ წელს ლარის კურსის გაუფასურება პროდუქციის გაძვირებას იწვევს. მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია შემცირებულია და კომპანიები არაერთი, მათ შორის საბანკო სესხების დაფარვის პრობლემის წინაშე დგანან.

„ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ წლიდან წლამდე ინფლაცია 5%-დან 7%-მდეა. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ გაუფასურებულ ლარს, ვერაფერი აჩერებს, შესაბამისად იმპორტიორების განწყობაც ასეთია, რომ ვინც შეძლებს გაძვირებული ფასით გაყიდოს პროდუქცია, ოპერირებას გააგრძელებს, ვინც ვერა - ძალიან გაუჭირდება ან იმ პროდუქტებზე, რომლითაც მუშაობას აპირებენ, გაძვირებული ფასები დაგვხვდება ოქტომბერში, თუ რამეზე არ დაგვხვდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ბრენდები ბაზარს დატოვებენ. ზოგადად ქვეყანაშია ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება. ყველა კომპანია ზარალზეა, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც სასტუმროებთან, კაფე-ბარებთან და რესტორნებთან თანამშრომლობდნენ. ზარალი კოლოსალურია. ამასთან, კომპანიების უმეტესობა საბანკო პროდუქტით სარგებლობდა და ვალდებულებები გასასტუმრებელი აქვთ. მწარმოებელი, იმპორტიორი, სადისტრიბუციო და საცალო რეალიზაციის სექტორი ერთი ჯაჭვია და ყველა პრობლემის წინაშე ვდგებით“, - აცხადებს ივა ჭყონია.

რაც შეეხება პირველადი სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 9 პროდუქტზე გაცვლითი კურსიდან გამომდინარე გაძვირების რისკს აზღვევდა, ივა ჭყონიას განცხადებით, ბევრმა კომპანიამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რომ აღნიშნული სუბსიდირებით ესარგებლა.

„პირობები, რომელიც ჩადებული იყო, ძალიან ბევრმა კომპანიამ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილა. ერთეული კომპანიებისთვის იყო პირობები მისაღები. გამოყოფილი იყო 10 მილიონი, დაიხარჯა 1.1 მილიონი ლარი. როგორ შეიძლება მეტის დახარჯვის საჭიროება არ ყოფილიყო?“, - აცხადებს ივა ჭყონია.

მისივე განცხადებით, ლარის მიმდინარე გაუფასურება, წლების განმავლობაში არსებული არასწორი პოლიტიკის შედეგია და ახლა მთავრობამ „ქამრები უნდა შემოიჭიროს“ და ბაზრისთვის ჭარბი ლარის მიწოდებისგან თავი შეიკავოს.

„არ უნდა დახარჯონ ფული მივლინებებზე და აიყვანონ შტატგარეშე მომუშავეები, ქამრები უნდა შემოიჭირონ, ბიუჯეტს გადახედონ, რომ ჭარბი ფულის მასა მაქსიმალურად შეამცირონ. მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია და კიდევ უფრო მეტი თანხები იხარჯება. ეროვნული ბანკის ინტერვენციები წყალში გადაყრილი ფულია, ჰაერში ვიქნევთ რეზერვებს. ეს არასწორი მიმართულების შედეგია. ყველაზე კარგი იქნებოდა თავის დროზე ინვესტიციები ყოფილიყო ჭარბად შემოსული“, - აღნიშნავს ჭყონია.