ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოებას დამოუკიდებლად, აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ვცდილობთ, შევქმნათ მრავალმხრივი ჩარჩო, სადაც ვიმუშავებთ ყველა პარტნიორთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ქვეყანაზე ცოტა ხნის წინ კიბერთავდასხმა განხორციელდა და ამასთანავე, საქართველო მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინშია, რა დროსაც ჰარცელის შეფასებით, ქვეყანა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადია ხოლმე.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დროული ღონისძიებაა, რადგან ის მოჰყვება ყველასთვის კარგად ცნობილ კიბერშეტევას, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელდა და ასევე, მომავალი არჩევნების პერიოდს ემთხვევა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რათა შედგეს დისკუსია. მე ვისაუბრე ევროკავშირზე და ჩვენს თავდადებაზე ამ სფეროში. ჩვენ უკვე შევქმენით საკანონმდებლო ჩარჩო და სტრატეგიის ნაწილი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კიბერუსაფრთხოებას როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენ ასევე გვაქვს ე.წ. დიპლომატიური ხელსაწყოების კრებული, რომლითაც ვპასუხობთ კონკრეტულ კიბერთავდასხმებს და შესაძლოა, იცოდეთ, რომ 2 თვის წინ ევროკავშირმა პირველად ისტორიაში კიბერსანქციები დააწესა, რაც იყო ევროპის ტერიტორიაზე განხორცილებული კიბერთავდასხმების საპასუხო რეაქცია. ასე რომ, ევროკავშირი ამას ძალიან სერიოზულად უდგება. აქ საქართველოში ევროკავშირი არის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ქვეყანას კიბერუსაფრთხოების შექმნაში ეხმარება. ვფიქრობ, ხედავთ, რომ საქართველომ გარკვეული გზა უკვე გაიარა, ამ სფეროში სანდოობის შექმნის მიმარულებით. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო რეიტინგებს, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება. დღეს ასევე, გაიჟღერა მესიჯებმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის გაგრძელება და სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე იმისთვის, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მნიშვნელოვანია ამ საკითხს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მივუდგეთ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება და ამავე დროს, არ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფა, უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების, პირადი სივრცისა და მონაცემთა დაცვა. ამ ორივე მიმართულებით მუშაობა ერთდროულად უნდა წარიმართოს, თუ გვსურს, რომ, საბოლოო ჯამში, ეს იყოს ეფექტური სტრატეგია,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.