ამერიკაში ახალაშენებული უძრავი ქონების გაყიდვები 14-წლიან მაქსიმუმზეა

2020 წლის აგვისტოში, აშშ-ში ახალაშენებული სახლების გაყიდვები ივლისთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა და წლიურად 1.011 მილიონი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რისი ძირითადი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიის გამო იპოთეკურ სესხებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთი გახდა.

ივლისში ამერიკაში 965 ათასი სახლი გაიყიდა, საპროგნოზო მაჩვენებელი კი იყო 901 ათასი, ანუ გაყიდვები 14,7% -ით გაიზარდა და არა 13,9% -ით, როგორც ადრე იყო ნავარაუდევი. რაც შეეხება აგვისტოს, აქ ზრდამ 43% შეადგინა. აგვისტოშივე 392,7 ათასი დოლარიდან 369 ათას დოლარამდე შემცირდა ახალაშენებული სახლების ფასი ამერიკაში.

ახალ უძრავ ქონებას აშშ-ის საბინაო ბაზრის დაახლოებით 10% უკავია.