შპს „აგრობადემ“ ქარელის რეგიონში სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების პირველი ქარხნის მშენებელობა დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ East fruit-თან საუბრისას განაცხადა, ქარხანაში წარმოება 2021 წლის იანვარში დაიწყება. შესაბამისი აღჭურვილობა კი, გერმანიიდან შემოვა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული სირთულეები შექმნა, როგორც ავთანდილ მაისურაძე განმარტავს, ობიექტის ამუშავებას ამ ეტაპზე ხელს არაფერი უშლის.
კომპანიის დამფუძნებელის თქმით, სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ავთანდილ მაისურაძე ასევე წარმოადგენს კომპანია AntGeo-ს, რომლის საქმიანობაც ბადეებისა და სარწყავი სისტემების დამონტაჟებაა. კომპანიამ შეისწავლა არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ მთლიანი რეგიონის საჭიროებები, შესაბამისად, ის მეზობელი ქვეყნების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
„ჩვენ თვითონ შემოგვაქვს და ვამონტაჟებთ დამცავ ბადეებს. შესაბამისად, კარგად შევისწავლეთ ბაზარი და ვიცით, რომ პროდუქტის მიმართ დაინტერესება და მოთხოვნა დიდია. იმიტომ, რომ საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ხილისა და კენკრის ბაღია. ამავე დროს, დავაკმაყოფილებთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მოთხოვნებსაც. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იქნება მეზობელ ქვეყნებშიც. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც სეტყვის და მზისგან დამცავ, ისე სამშენებლო ბადეებსაც“,- განაცხადა ავთანდილ მაისურაძემ.
ცნობისთვის, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელსაც მხარს USAID-ი უჭერს, 500,000 აშშ დოლარს შეადგენს.