სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 69,68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშული კატეგორიის ექსპორტი 45,2%-ით გაიზარდა. 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 47,99 მლნ აშშ დოლარის ხილი და თხილეული გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ხილისა და თხილეულის წილი მთლიან ექსპორტში 2,0%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3,4%-ს.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში ჯგუფში ძირითად პოზიციებზე იყო: თხილი - 28,30 მლნ აშშ დოლარი, ატამი და ვაშლატამა - 20,07 მლნ აშშ დოლარი, მანდარინი - 3, 84 მლნ აშშ დოლარი, მოცვი და სხვა კენკრა - 3,79 მლნ აშშ დოლარი, ბანანი - 2,28 მლნ აშშ დოლარი, ფორთოხალი - 1,82 მლნ აშშ დოლარი, ვაშლი - 1,63 მლნ აშშ დოლარი, ლიმონი- 1,15 მლნ აშშ დოლარი და ლეღვი - 0,95 მლნ აშშ დოლარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,79 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშული კატეგორიის ექსპორტი 8,6%-ით შემცირდა. 2019 წლის აინვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 8,52 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეული გავიდა.
ამასთან, 2020 წლის 8 თვეში, მთლიან ექპორტში ბოსტნეულის წილი 0,4%-ს შეადგენდა, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ჯგუფში წამყვან პოზიციებს, ასე გამოიყურება: პომიდორი - 1,59 მლნ აშშ დოლარი, კარტოფილი - 0,59 მლნ აშშ დოლარი, სოკო - 0.80 მლნ აშშ დოლარი და ბადრიჯანი - 0,58 მლნ აშშ დოლარი.