ხორცპროდუქტები უნიკალური ქართული ღორის ჯიშებისაგან და ძეხვეული, მივიწყებული ქართული რეცეპტებით, ქართულ-ეპანური კომპანიის, Native Georgian-ს ინოვაციაა. პროდუქცია მრავალფეროვანი და ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა.
სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება და ქსელურ სუპერმარკეტებში, კომპანიის მიერ წარმოებულ ხამონთან და რაჭულ ლორთან ერთად გაიყიდება.
ქართული ბაზრისთვის შეთავაზებულ ახალ პროდუქტებზე, სამომავლო გეგმებსა და მათ სექტორზე პანდემიის გავლენაზე ,,ბიზნესპრესნიუსთან” კომპანიის დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა ისაუბრა.
,,ჩვენი წარმოება ქალაქ ონშია, სადაც მიმდინარეობს ხორცპროდუქტების ქართული ტრადიციული მეთოდებით დავარგება. დღეს ბაზარზე ცნობილი მხოლოდ რაჭული ლორია, თუმცა მისი ტექნოლოგიური ჩანაწერები არ არსებობს და წარმოება მიმდინარეობს სტიქიურად. მიუხედავად ამისა, მიღებული პროდუქცია არის ხარისხიანი.
ჩვენ დავიწყეთ ესპანელ ტექნოლოგებთან ერთად რაჭული ლორის წარმოება ისე, რომ მივიყვანოთ ხამონის დონემდე. შედეგად, თუ აქამდე მისი მირთმევა მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ იყო შესაძლებელი, ახლა თერმული დამუშავების გარეშეც შეიძლება მისი მირთმევა“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დღეს სუპერმარკეტებში, ლუდისა და ღვინის მაღაზიებში იყიდება. ვასილ ბაბლუანი ამბობს, რომ პანდემიამდე გასაღების ბაზარი ძირითადად ჰორეკა სექტორი იყო: „თუმცა შემდეგ მოგვიწია გადაწყობა და უკვე მესამე თვეა ვართ ქსელურ მარკეტებში, სადაც განვითარების საშუალებას და პერსპექტივას ვხედავთ.
შემდეგი ნაბიჯი იქნება, ისეთი პროდუქციის წარმოება, როგორიც არის ხმელობა, რომელიც ვეფხისტყაოსანშიც კი არის ნახსენები. ასევე სვანური ზისხორა, რომლის ანალოგიც ევროპულ სამზარეულოში არსებობს და რომელიც სისხლის ძეხვია. ამ ეტაპზე მიზანი ქართული ბაზრის დაკმაყოფილებაა, თუმცა შედგომში, გვაქვს ამბიცია და გეგმა, რომ გავიდეთ ექსპორტზეც“- თქვა ვასილ ბაბლუანმა.
კომპანიაში, ასევე ამბობენ, რომ ქართული ღორის ჯიშებისაგან მიღებული ნედლეული, საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ევროპული ხორცპროდუქტების კოპირება მოახდინონ, არამედ წინ წამოწიონ ქართული ტრადიციული ხორცპროდუქტები, რაც აბსოლუტურად მივიწყებულია.
ცნობისთვის, თავდაპირველი ინვესტიცია 3 მლნ ლარია, სრული საინვესტიციო პაკეტი კი ფინალური წარმოებით, 10-12 მლნ ევროს მოიცავს. დასაქმებულთა ოდენობა კი ამ ეტაპზე 50 ადამიანია.