სურამში, ბაიანთხევში სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობა იწყება. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ჯულია ანტილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასამართლოზე დამტკიცდა, რომ ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ არის, შესაბამისად, ადგილობრივების ნაწილის საჩივარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ცნობისთვის, „სურამი პალასის“ მშენებლობას ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს იქ არსებულ ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვა სურს. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და იქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.
2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი.
მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა. სანიაღვრე სისტემის მოწყობა სასტუმროს მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.
მოგვიანებით, სასტუმროს მშენებლობის უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. როგორც მაშინ ჯულია ანტოლოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის მარტში დასრულებულიყო. თუმცა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. როგორც ჯულია ანტლოგოვა აღნიშნავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ამასთან, ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი სრულიად უსაფუძვლოა.
მისივე ინფორმაციით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილია, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. ჯულია ანტილოგოვას თქმით, ისინი შიშობენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებს, რაც ინვესტორის თქმით, გამორიცხულია, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებულია.
„სასამართლო პროცესი მოვიგეთ და მშენებელობაც ფაქტობრივად, უკვე დავიწყეთ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუქციონის პირობები დარჩეს ძალაში, ისევე როგორც დამტკიცებული პროექტი. ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ ახალი გეოლოგიური დასკვნა დაიდოს და ჩაბარდეს მერიაში, რომ შემდეგ ახლიდან გაიცეს ნებართვა. თუმცა, ეს არ ეხება უშუალოდ პროექტის შეჩერებას. უბრალოდ, რამდენიმე პუნქტი უნდა დაზუსტდეს“ -აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.
რაც შეეხება პროექტს, როგორც „სურამის პალასის“ მეპატრონე ამბობს, ეს იქნება 4-სართულიანი, 28-ნომრიანი სასტუმრო, რომლის მშენებელობა 8 თვეში დასრულდება.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ტერიტორიის შემოღობვა. როგორც კი ეს პროცესი დასრულება, დავიწყებთ შენებელობას, რომელიც სავარაუდოდ, 8 თვეში დასრულდება. რეალურად, პროექტის მიხედვით დადგენილი ვადა ნოემბერში გვეწურება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე მოვიღეთ დადებითი პასუხი, რომ ვადა გახანგრძლივდება.
რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, ეს იქნება 4 -სართულიანი სასტუმრო, სადაც განთავსდება 24 სტანდარტული და 4 „ვიაიპი“ ნომერი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 2,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“,-აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.
ცნობისათვის, 906 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მამია ბითაძე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, 2018 წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე 275 000 ლარად შეიძინა.