საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.
„კოლეგებო, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და ამ გზაზე შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს. თუმცა, ამჯერად ვცდილობთ, პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გამოვიყვანოთ ქვეყანა. ამის იმედს გვაძლევს ის, რომ საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, მათ შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც კულტურულ-ენობრივი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს, სადაც გადასახადები მინიმალურია და ბიზნესს ეძლევა ყველანაირი საშუალება, განვითარდეს. ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.
დღეს საქართველო უკვე პოზიციონირებს, როგორც მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი - განათლებაში, მედიცინაში, ლოგისტიკაში, ტურიზმსა და ზოგადად, ბიზნესის კეთებაში. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და მივიწევთ წინ.
ჩვენ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც პროგრესის, ცოდნისა და კულტურის დამაკავშირებელს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დასავლური ფასეულობებით იდგა უძველესი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.
ჩვენი მთავარი ფასეულობა კი არის ხალხი; ხალხი, რომლის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტოლერანტობა - მთავარი დასავლური ფასეულობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.