„ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული ბანკის უსუსურობაა.. ლარის კურსის რყევის გამო, 1 კვირაში  გაყიდვები განახევრდა“

„ბოლო 1 კვირის განმავლობაში რითეილ სექტორს ლარის კურსის რყევების გამო რეალიზაცია 50%-ით შეუმცირდა“. ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში, როცა ლარმა ასეთი ცვლილება განიცადა, იმ წუთშივე დარტყა რითეილ სექტორს და 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 50%-ით შეგვიმცირა რეალიზაციები. ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ სწავლის დაწყება გადაიდო. ყველაზე დიდი პრობლემა ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის უსუსურობაა, რადგან პერიოდულად მარტო 40 მლნ-იანი ვალუტის გაყიდვა, საქმეს არ შველის. რამდენად შეძლებენ კურსის შენარჩუნებას საკმაოდ რთული სათქმელია, ალბათ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ გრძელვადიანი სტრატეგია არ არსებობს არც ბიზნესისთვის და არც მოსახლეობისთვის. აქედან გამომინარე პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია,“-აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ერთ დღეში 25 სექტემბერს ლარი დოლართან მიმართებით 4, ხოლო ევროსთან მიმართებით 5 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3332ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8812 ლარია.

თაია არდოტელი