„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება.
„სავაჭრო კომპანიების 90% დღესდღეობით ზარალში იმყოფება და საბრუნი კაპიტალით გააქვთ თავი. სექტემბერში ამ შოკური თერაპიის შემდეგ საკმაოდ მძიმე სურათი იქნება. მიჭირს პროგნოზი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ძალიან ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება. დაახლოებით 20 ათასი თანამშრომელია დასაქმებული ჩვენ ასოციაციაში და თუ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის შეჯერება არ მოხდა, საკმაოდ რთული იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. შეჯერებაში ვგულისხმობ, თუნდაც იმას, რომ ბიზნესს სჭირდება დამატებითი საბრუნი კაპიტალი რომ მინიმუმ 6 თვე გადაიტანოს ეს სიტუაცია. ამასთან, აუცილებლად საჭიროა სტაბილური კურსი, რადგან საქონლის 90% იმპორტირებულია, რაც 1-ლი ოქტომბრიდან აისახება უკვე რეალიზაციებში, როგორც საკვებ ისე სხვა პროდუქტებზე.
როგორც იცით, ჩვენ კვების ობიექტების მიმართულებაშიც ვართ და იქ ფაქტობრივად, კატასტროფული მდგომარეობაა. ზარალი საკმაოდ რთული დასათვლელია. ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, როდესაც ბაზარი ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნდა თბილისის მაგალითზე გეტყვით, რომ კვების ობიექტების არ გახსნილა 50% და დღემდე დაკეტილია. ჩვენ პორტფელში მაგ მიმართულებას დაახლოებით, 5% უჭირავს, თორემ ჩვენი ბიზნესის ძირითადი ნაწილი მაგაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აქამდე დახურულები ვიქნებოდით. თუ დღემდე დაკეტილი არ არის, ამ ტიპის ობიექტების 90% დაკეტვის პირას იქნება მისული. ჩვენც დღემდე ფაქტობრივად ზარალზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ალბათ მაგ ობიექტების დახურვა მოგვიწევს,“-განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.