"მინდა დაგარწმუნოთ, დღეს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც მისი თქმით, ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალური ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.

„ყველას და პირველ რიგში, მეც, ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გაცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართვეელო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც ინფიცირების პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს“,-განაცხადა გახარიამ.