ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი Nongfu Spring-ის მფლობელი ჩჟუნ შანშანი გახდა

სასმელი წყლის მწარმოებელი ჩინეთის უმსხვილესი კომპანია Nongfu Spring-ის მფლობელი ჩჟუნ შანშანი, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ IPO განახორციელა, რასაც აქციების ფასის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ჩჟუნ შანშანის ქონება ამ მომენტისთვის შეფასებულია 58,7 მილიარდ დოლარად, ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო Alibaba-ს დამფუძნებელს ჯეკ მას, რომლის ქონება 56,7 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი შანშანმა მე-17 ადგილი დაიკავა და გადაასწრო Google-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ლარი პეიჯს.

როგორც Financial Times წერს, შანშანის მფლობელობაშია Nongfu Spring-ის აქციების 80%. მასზე აქციების ფასმა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე IPO-ს შემდეგ 80%-ით მოიმატა.

ბიზნესმენი ასევე აკონტროლებს კომპანიას Wantai Biological Pharmacy Enterprise Co., რომელიც აწარმოებს ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას და COVID-19-ის გამოსავლენ ტესტებს. ამ კომპანიის აქციებზე ფასი კი 14-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოხდა მისი ლისტინგი შანხაის საფონდო ბირჟაზე.

ანალიტიკოსების აზრით, ბიზნესმენის, რომელიც საქმიან წრეებში ცნობილია როგორც „ეული მგელი“, კაპიტალის სწრაფი ზრდა განპირობებულია ჩინეთში სამომხმარებლო სექტორის მიმართ ინტერესის ზრდით, რომელიც გახლავთ ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი.

კოკა კვირკველია