საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18,766 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 435 მლნ დოლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 18,330 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტად სამთავრობო სექტორის ვალი გაიზარდა. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით მთავრობის ვალი 6,156 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს კი 449,1 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვალი სულ რაღაც 3,6 მლნ დოლარით გაიზარდა და 447,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 30 ივნისის მდგომარეობით 52,6 მლნ დოლარით შემცირდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი და 4,351 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 35,1 მლნ დოლარით, 4,518 მლრდ დოლარამდე გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალი.
131 მლნ დოლარიდან 127,3 მლნ დოლარამდე შემცირდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები. არასაფინანსო კორპორაციების ვალმა კი 1,399 მლრდ დოლარიდან 1,381 მლრდ დოლარამდე დაიკლო.