არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად შენარჩუნდა სექტორები და დარგები, თუმცა არა ყველა კომპანია.
„ბუნებრივია საბაზრო ურთიერთობები გულისხმობს ძალიან ბევრ ეკონომიკურ და კომერციულ რისკებს. ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესზე არ არის წნეხი, მაგრამ ალბათ, ყველა ხედავს, რომ სახელმწიფომ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი ბიზნესის დასახმარებლად მათ შორის, სექტორალურად. ბიზნესის სტიმულირებისათვის ნაბიჯები გადადგა როგორც ეკონომიკის, ასევე ჩვენმა სამინისტრომ. ჩვენ გადავდგით მათ შორის, ძალიან არაორდინალური ნაბიჯები და მოვახდინეთ იმპორტის სუბსიდირებაც გარკვეულ სასურსათო პროდუქტებში. ჩვენ ერთ ნაწილში ვაჩვენეთ ძალიან ეფექტური მართვა, და მე ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ეფექტული იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც.
ჩვენ, არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს. ჩვენი დახმარების პაკეტი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო ყველაზე დიდი და უპრეცენდენტო. ეს მოწმობს, რომ გვყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ამან მოგვცა შედეგი, რომ შევინარჩუნეთ სექტორები და დარგები, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ ინდივიდუალური კომპანიები კრიზისს ვერ გადაურჩნენ“, - თქვა დავითაშვილმა.