გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში", ლარის გაუფასურების გამო, სასურსათო პროდუქტების ნაწილზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია.
„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია.
ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალური, 100 ათას ტონაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა. ვხვდებით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ზეგაც გვექნება შეხვედრა მეპურეებთან და მეხორბლეებთან“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას, მინისტრის განცხადებით, პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და დაზოგილი თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართა.
„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა ფასი პანდემიამდე ნიშნულზე დავიჭირეთ. ეს შეუძლებელია და ამას მთელი საბიუჯეტო რესურსი არ ეყოფოდა.
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს აქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების ნაწილში პაკეტი იყო უპრეცენდენტოდ მაღალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ შევინარჩუნეთ დარგები, სექტორები“,-აღნიშნა მინისტრმა.