ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონალურ კონტექსტში ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების ვალუტის ცვლილება დოლართან მიმართებაში.
„საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს ეროვნულ ბანკს, ამ შემთხვევაში საკმაოდ კონსერვატორული შეიძლება ვთქვათ და თან ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების რეალურ ტენდენციებს, ანუ ჩვენ როგორც ვხედავთ, ლარის გაუფასურების ტრენდი და ეკონომიკის მიმდინარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, ობიექტური საფუძველი ლარის გაუფასურების ნამდვილად არ არის. იქ არის ბევრი პარამეტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები, ამიტომ ბუნებრივია, რომ მთავრობის წევრები და არამარტო მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ეს არის მოლოდინებიდან გამომდინარე გაუფასურება. ჩვენ ეკონომიკის ძალიან დიდი კლება გვქონდა გაზაფხულზე, ეკონომიკის გახსნასთან ერთად დავინახეთ ეკონომიკის გამოცოცხლება და გაუმჯობესება, ექსპორტის მონაცემების გაუმჯობესება, სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება და ამ პირობებში მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, ამგვარად ნამდვილად არ არის და დიდწილად ეს არის მოლოდინებთან დაკავშირებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კონტექსტიც, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა დოლართან მიმართებაში გასათვალისწინებელია და ეს კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამოვარდნილად მხოლოდ ორი ვალუტის მიმართება გასააზრებლად, რა თქმა უნდა, არ არის ეკონომიკის კუთხით სწორი. რეგიონალურ კონტექსტში თუ წარმოვიდგენთ, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების ვალუტის ცვლილება დოლართან მიმართებაში. ჩვენ და ალბათ, ეროვნული ბანკიც ფიქრობს, რომ ჩვენ დღეს დიდწილად ძალიან რთულ პირობებში ვართ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის წინა საარჩევნო პერიოდი, რომელიც შესაბამისად მოსახლეობის ქცევაზე აისახება და ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლარის კურსის ცვლილების“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, იმ ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია, საკმაოდ ადეკვატურია.