ვადასტურებ, რომ ყურძნის ჩაბარების დროს ფერმერებს რიგში დგომა უწევთ, თუმცა ვერავინ დამისახელებს ვერც ერთ წელს, როდესაც რიგის გარეშე ჩაუბარებიათ ყურძენი. მთავარია, რომ ისინი ახერხებენ ჩაბარებას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
მინისტრის თქმით, წელს საქართველოში ყურძნის ისტორიული მოსავალია.
„განსაკუთრებით დაზიანებული დარგი სოფლის მეურნეობის მიმართულებაში არის ალბათ, მეღვინეობა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო პანდემიიდან გამომდინარე ამ დარგის დაზიანება, ამიტომ საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება მოხდა იმისთვის, რომ წელს რთველი საქართველოში ჩატარებულიყო ისე, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო და ფერმერს მოეხერხებია თავისი შრომის ანაზღაურების მიღება. პროგნოზირებადია ყველაფერი, ფასებია დაჭერილი და საკმაოდ მაღალი ფასებია კოვიდიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ სულ არის რიგები, სწრაფად ივსება საწარმოები, ფაქტობრივად, ჩვენ მთელი მოცულობების დაკავება მოგვიწევს, რომ წლევანდელი რთველი ჩავატაროთ და ის ყურძენი, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ერთ-ერთი ისტორიული მოსავალია 2020 წელს, დავაბინაოთ ბოლომდე. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ არც ერთი კილორამი არ გადაიყრება და ყველაფრის ანაზღაურებას მიიღებს ფერმერი“, - განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილმა განმარტა, რომ პანდემიიდან გამომდინარე ყველა ქვეყნის მეღვინეობის ინდუსტრია დაზიანდა და ამ მხრივ, საქართველოს მაქსიმალური შედეგები აქვს.