ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.
ხანძარს 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე იყო ხანძარი და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება და დაიწყო ქრობითი სამუშაოები.
ცეცხლი გავრცელდა ხის მასალების სასაწყობე ფართზე და რამდენიმე მაღაზიაზე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.