საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე ახალი გზის აშენებას გეგმავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე ახალი გზის აშენებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია.

როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარისა ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზა მოაგვარებს სხვა პრობლემებსაც, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე და ა.შ.

„კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო არსებული გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა, რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო. ზუსტად ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ,“ - განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.