ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავი საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ საწვავის ფასის ზრდის კომენტირებისას განუცხადა, ამ ეტაპზე ნავთობის მსოფლიო ფასი არ გაზრდილა და საქართველოში საწვავის ფასის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი ლარის გაუფასურებაა.
„მიზეზი, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი იმატებს, არის ის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული. საწვავის ფასი პირდაპირაა დამოკიდებული ორ მთავარ ფაქტორზე, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასსა და ლარის გაცვლით კურსზე. მიმდინარე ფასების ზრდა ლარის კურსს უკავშირდება და ფასები საშუალოდ 5-10 თეთრითაა გაზრდილი. ცხადია, ფასის ზრდა არც ერთი კომპანიის ინტერესში არაა, კომპანიების ინტერესია, რომ მოხმარების აღდგენა მოხდეს, რადგან მოხმარება პანდემიის გამო შემცირდა“, - განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.